ლუკა მერებაშვილი


,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონში" გაიცნობთ 13 წლის გიოს ცხოვრებას. ბიჭს უამრავი პრობლემა და საფიქრალი აქვს, ამ პრობლემების წინაშე კი ხშირად სრულიად მარტოა.

 ეს წიგნი დაკარგულ სიტყვებზეა, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ დაარქვა ავტორმა მას ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი". შეიძლება იმიტომაც, რომ ავტორს სურდა, გაეხადა წიგნი უფრო საინტერესო, მკითხველი დაეფიქრებინა, არსებობს თუ არა მართლა ისეთი ლექსიკონი, რომელიც გააერთიანებდა დღესდღეობით მივიწყებულ სიტყვებს.

 წიგნის უმთავრესი ნაწილი ეთმობა მეგობრობას, მიმოხილულია მეგობრობის მრავალი სახე, როგორიც შეიძლება იყოს მამა-შვილის მეგობრობა, ბაბუისა და შვილიშვილის, თანატოლების და .. ,,არ არსებობს არცერთი სიტყვა, რომელსაც მეგობრობის ენაზე ვერ თარგმნი" - გვეუბნება ავტორი, რომელიც ცდილობს დაგვანახოს, რა ძალა აქვს მეგობრობას.

 როგორც დასაწყისში ვახსენე, გიოს უამრავი პრობლემა ახვევია თავს, მათ მარტო უმკლავდება. იგი გაიცნობს გოგოს და გაიგებს, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული დავიწყების ავადმყოფობა, რომელმაც შეიძლება დაგავიწყოს ის, რამაც გასწავლა ყველაფერი, რამაც მოგცა საშუალება იმისა, რომ გეთქვა პირველი სიტყვა

მგონია, ავტორს ამ ყველაფრით უნდოდა იმის ჩვენება, რომ ადრეული წარსულიდან შეიცვალა მრავალი ენა, მიეცა დავიწყებას, გამოუყენებელია და არასაჭირო. ეს ყველაფერი ასევე შეიძლება ჩაითვალოს იმის მოწოდებად, რომ ენას გავუფრთხილდეთ, საჭიროა შემცირდეს ბარბარიზმები, რომლებიც შემდეგში ენაცვლება სხვადასხვა სიტყვას და საბოოლოდ ხელს უწყობს ენის დავიწყებას. ჩემი აზრით, მშობლიური ენის დავიწყების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბარბარიზმების მაქსიმალურად შემცირება და სწორი მეტყველება.

გამორჩეულად მომეწონა ბაბუას ჩვევა/საქციელი, ის მომენტები, როდესაც გიოს ახვედრებდა თავის არჩეულ წიგნებს სასთუმალთან ჭიქა რძესთან ერთად. მგონია, ავტორს ამ ყველაფრის ჩვენთვის ჩვენება უნდოდა იმისთვის, რომ წარმოეჩინა წიგნების ფასი, წარმოეჩინა ის, თუ რამდენად კარგი და საჭიროა ბაბუა.

ყველაზე მეტად წიგნში მომეწონა ფრაზა: ,,მამასთან ერთად თამაში იქვე, ნაცნობ ნივთებსა და გარემოში ჯადოსნური რამეების აღმოჩენას ნიშნავდა" - ეს ფრაზა გახდა ჩემთვის საყვარელი იმიტომ, რომ გამახსენა ის დღეები, როდესაც ერთი სული მქონდა, რომ სახლში მოსულიყო მამა და მასთან ერთად თამაში შემძლებოდა, ეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.

საბოლოო ჯამში, წიგნი გამოდგა ძალიან საინტერესო და ჩამთრევი, მომეწონა როგორც მწერლის ენა, ასევე წიგნში გადმოცემული ამბავი.


ლუკა მერებაშვილი

 

No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...