ინტერვიუ მწერალთან

 




- თქვენი ცხოვრება წიგნებამდე და წიგნების შემდეგ...

- წიგნებამდე ჩემი ცხოვრება საერთოდ არ მახსოვს იმიტომ, რომ 5 წლიდან დავიწყე წერა-კითხვა და მას შემდეგ ვცხოვრობდი სულ წიგნებთან ერთად. 

- რა იყო იქამდე, ვიდრე თავად დაიწყებდით წერას?

- სურვილი, როგორც ასეთი, რომ დამეწყო წერა, არ მახოვს. რაღაცნაირად თავისთავად მოხდა. ხომ არ მიფიქრია, როდის დავიწყებდი ჭამას ან სუნთქვას?  ასე იყო წერაც.  ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, ეს იყო რაღაც უნარი, რომელიც მქონდა, 5 წლის ასაკში ლექსებს ვწერდი და ვამბობდი, რომ ამის გაკეთებაც შემეძლო.  აი, ასე მივყევი ამ უნარს. შესაბამისად,  არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ეს იყო მოცემულობა, რომელიც საიდანღაც მომეცა, ასე ვცხოვრობდი და ვწერდი ზოგჯერ ცუდად, ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ იმაზე უარესად, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვწერდი, მაგრამ ლიტერატურაში ცხოვრება არის ჩემი, სხვა ცხოვრება არ მქონია და არც მახსოვს. 

- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს კითხვას ბავშვების ცხოვრებაში?

- უკვე მტკიცებითი ფორმით უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თან  უნდა დავამტკიცოთ, თუ რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს - თანამედროვე სამყაროში. კითხვა იყო ჩემთვის შემეცნებაც, საყვარელი საქმეც  და  გართობაც, წიგნი - მეგობარი. დღეს კი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემს ბავშვობაში არ იყო ელექტროენერგია და არც მულტფილმები, ახალი წლის ჯადოსნურობის შეგრძნებას აჩენდა ის, რომ ახალ წელს მოდიოდა შუქი და  მულტფილმსაც ვუყურებდი. 

რომ ვიხსენებ, გართობის სხვა ალტენატივა რეალურად არც მქონია. თან ბიბლიოთეკიდანაც წიგნები ისე გამოგვქონდა, რომ ამაში არაფერს არ ვიხდიდით, სახლშიც ასე თუ ისე ნორმალური ბიბლოთეკა გვქონდა და ამიტომაც კითხვა ხელმისაწვდომი გართობის ფორმაც აღმოჩნდა ჩემთვის. დღეს კი ძალიან ბევრი ალტერნატივაა, ჯადოსნური ყუთი გვაქვს, „Google“-ში შეხვალ და უამრავ რამეს ნახავ, იქით ძალიან მაგარი ანიმეები, მულტფილმები, ფილმები და ამიტომაც დღეს უფრო ბევრი კონკურენტი ჰყავს წიგნს. 

მგონია, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გავაგებინოთ ბავშვებს,  რომ წიგნის კითხვა ძალიან დიდი სიამოვნებაა და, ამავდროულად, გართობის საუკეთესო საშუალებაცაა. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილთაგან, კითხვისას ტვინი ისე შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც პროექტორი, კითხვისას ტვინის საკუთარ კინოთეატრად გადაქცევა შეგვიძლია და იმის კეთება, რაც გვინდა. ასეა მწერლობაც, მაგალითად, მოინდომებ და წიგნს გააგრძელებ. პერსონაჟი მოკვდა? მერე რა, გააცოხლებ, სხვა თავგადასავალს მოუფიქრებ და ა.შ. შესაბამისად, ეს გართობის კარგი  საშუალებაა,  ამ დროს ვითარდება წარმოსახვის უნარი. კითხვა მოგზაურობის ყველაზე მარტივი საშუალებაა, გვამოგზაურებს უამრავ ქვეყანაში და თანაც ყველაზე უსაფრთხოდ. მგონია,  რომ სწორედ ასე უნდა დავანახოთ და ეს უნდა გავაგებინოთ ბავშვებს. არც კი ვიცი, რა უნდა მექნა, კითხვა რომ არ მცოდნოდა.

- ვინ/რამ გიბიძგათ, რომ გამხდარიყავით მწერალი და როდიდან დაიწყეთ წერა?  

- ლექსებს ვწერდი ბავშვობიდან. მეგონა, რო ძალიან მაგარ ლექსებს ვწერდი. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დავდიოდი ლიტერატურულ წრეზე. გამიმართლა და იქ შევხვდი  ფანტასტიკურ ადამიანს, ფილოსოფოსს, მწერალს, მიხეილ გოგუაძეს, რომელსაც ჩემს ლიტერატურულ მამას ვუწოდებ იმიტომ, რომ პირველმა მირჩია, ჯერ კითხვა დავიწყოთო, არ დაუმალავს,, რა არ მოეწონა ჩემს ლექსებში, მიმახვედრა, რა არ უნდა დამეწერა, მირჩია, ეცადე, სხვებისნაირად არ დაწერო და ბანალური არ იყოო. ვერ ვიტყვი, უცებ გენიოსი გავხდი-მეთქი, გენოსი დღესაც არა ვარ, მაგრამ ბევრი რამ მასწავლა და ვთვლი,  ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ მისვლა ჩემთვის, მან გამზარდა, როგორც ავტორი, მკითხველი და რაღაცნაირად შეფასების კრიტერიუმები მასწავლა, მასწავლა ისიც, თუ რას ნიშნავს ტექსტი, შესაბამისად ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი გარდატეხა  მიხეილ გოგუაძესთან ურთიერთობა აღმოჩნდა.  მერე უფრო სერიოზულად მოვეკიდე იმას, რასაც ვწერდი, უბრალოდ რაც თავში მომდიოდა, იმას კი არ ვწერდი, დაწერის მერე ვკითხულობდი, ვარედაქტირებდი, ვისწავლე წაშლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მივედი სასახლეში და ეს იყო ჩემი პირველ დამოუკიდებელი მოგზაურობა მეტროთი. 

- რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ მწერალი ხართ?

- ვიღაცას გინდა, ამით ცხოვრება უფრო გაუმარტივო, გსურს, ვინმეს ჩაეხუტო ამ ტექსტით, თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, ჩემთვის ეს არის არებობის ფორმა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვუკეთებ ჩემს თავს. მწერლობა ემოციებისგან გათავისუფლებაა, ცუდ ხასიათზე ყოფნისას შველაა, შეგრძნებაა იმისა, რომ მეც ვიღაც ვარ ამხელა სამყაროში. კარგად მახსოვს ერთი მოგონება ჩემი მოზარდობიდან. ერთი ბიჭი მიყვარდა ჩემს სკოლაში, რომელსაც მე არ ვუყვარდი, არ ვაინტერესებდი.  სახლში რომ ვბრუნდებოდი, ვდარდობდი, რომ იმას სხვანაირი გოგო უყვარდა, გოგო, რომელიც უყვარდა ყველას.  სახლისკენ რომ მივდიოდი, ვამბობდი, სამაგიეროდ მე ლექსებს ვწერ! აი, ეს შეგრძნება მახსოვს და ეს შეგრძნება მქონდა კარგა ხნის მერეც, როცა მეტკინებოდა გული. 

მე შემიძლია ვწერო და ეს ძალიან მნივნელოვანი უნარია. რას ვაკეთებ საკუთარი თავისთვის, დიანასთვის მწერლობით?  ჩემს ჭიას ვახარებ და ეს არ მგონია იყოს უმნიშვნელო. რაც შეეხება უფრო ზოგად მიზნებს - რაც არ წაგიკითხავს წიგნებში, ის შეგიძლია შენ დაწერო, აი, როგორი წიგნიც გინდოდა და ვერ წაიკითხე, ისეთი შეგიძლია დაწერო, როგორ მოახერხებ ამას, ეს უკვე სხვა თემაა. საოცარი სამყაროა ლიტერატურა. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი ლიტერატურა. ჩვენ  ძალიან კარგი ლიტერატურა გვაქვს, რასაკვირველია, მაგრამ საბავშვო ლიტერატურა მაინც ცოტაა. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ქართველი მკითხველები, ქართველი ბავშვები კითხულობდნენ ქართულ წიგნებს, რომლებშიც იქნება მათთვის ნაცნობი სახელები, სიტყვები, ამბები.  ამ მხრივ, მგონია, რომ მცირე წვლილი შემაქვს ლიტერატურის განვითარებაში.

არის კიდევ ერთი - მე, როგორც მწერალი, ველაპარაკო  ჩემს თავს, პატარა დიანას. რაღაცები გვახსოვს ბავშვობიდან, რაღაც დარდები შემოგვრჩენია და ამ ყველაფრისგან გათავისუფლების საშუალებაცაა წერა, ეს არის თერაპია მწერლისთვის და იმედია, მკითხველისთვისაც.

- რამდენად საბავშვო წიგნია „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“?

- უფრო საყმაწვილო, ალბათ. რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტულ ასაკზე გათვლილი წიგნები, მაგალითად, ექვსი წლის ბავშვისთვის განკუთვნილი წიგნები, რომლებიც დაწერილია სპეციალურად იმისთვის, რომ ექვსი წლის ბავშვს განუვითაროს წერა-კითხვის უნარი. მაგრამ არის ტექსტები, რომლებიც ყველა ასაკის მკითხველმა შეიძლება წაიკითხოს (არ იფიქროთ, რომ დიდი ამბიცია მაქვს და რომელ მწერალსაც დავასახელებ, იმათ ოდნავ მაინც ვადარებ ჩემს თავს). ჩემთვის, მაგალითად, ასტრიდ ლინდგრენის „ძმები ლომგულები“ არ არის საბავშვო საკითხავი. ,,პატარა პრინცი“ შეიძლება წაიკითხოს ყველამ. ჩემს შვილს როდესაც წავუკითხე, რვა წლის იყო და რაღაცები გაიგო, მეც ვკითხულობ და დედაჩემიც, რომელიც 70 წლისაა, მაგრამ იპოვის თავისას,  შესაბამისად არის ისეთი წიგნები, რომლებსაც ასაკი არ აქვს და, მეორე მხრივ, წიგნები იწერება მკითხველთა გარკვეული წრისთვის.

 ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მგონია, რომ უფრო  საყმაწვილოა, არ მგონია, 10 წლის ბავშვმა წაიკითხოს, მაგრამ თუ წაიკითხავს, თავისას წამოიღებს, რადგანაც ფერადი ამბებია გადმოცემული. ვიღაც ცოტა მეტს იპოვის და ა.შ.

ჩემი საბავშვო წიგნი, რომლითაც წერა დავიწყე და გავაგრძელე, იყო „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“. მეგონა, რომ პატარებისთვის დავწერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისიც კი არ იყო მხოლოდ პატარების საკითხავი. შესაბამისად, ტექსტს შეიძლება ჰქონდეს ასაკი და სულაც არ არის სავალდებულო, რომ ასე იყოს. ესეც ინდივიდუალურია. ასე რომ, ვინც კი წაკითხავს ,,დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ და პატარა რამეს წამოიღებს, ყველასთვის იყოს.




No comments:

Post a Comment

ანოტაცია

  დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.   გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნ...